საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი


იზოტოპების მასშტაბური წარმოებით დაინტერესება აშშ-სა და ყოფილ საბჭოთა კავშირში 40-იან წლების პირველ ნახევარში დაიწყო და ეს ინტერესი განპირობებული იყო ბირთვული იარაღის შექმნის აუცილებლობით. ამ დროისთვის სპეციალისტების ძალისხმევა ძირითადად მიმართული იყო ურანის და პლუტონიუმის იზოტოპების კონცენტრირებაზე.
1945 წელს საბჭოთა კავშირმა ოკუპირებული აღმოსავლეთ გერმანიიდან,ბირთვულ პრობლემატიკაზე მომუშავე გერმანელ მეცნიერთა ჯგუფი საქართველოში, კერძოდ კი სოხუმში, ახლადშექმნილ ორ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩამოიყვანა და განათავსა.

1949 წელს ობიექტები გადაკეთდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად №5, ხოლო1950 წლიდან დახურულ დოკუმენტაციაში ჩნდება ღია დასახელება - სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი.ინსტიტუტში შეიქმნა 10 ლაბორატორია, სადაც გერმანელ მეცნიერებთან ერთად პირველი თვეებიდან საბჭოთა, მათ შორის ქართველი მეცნიერებიც ჩაერთვნენ სამუშაოებში.

1949 წლის.აგვისტოშისსრკში პირველი ატომური ბომბის წარმატებული გამოცდის შემდეგ დაიწყო გერმანელი მეცნიერების საიდუმლო სამუშაოებიდან ეტაპობრივი გამოყვანა და ღიასახის სამუშაოებზე გადაყვანა.
1954 წლიდან გერმანელი სპეციალისტები თანდათანობით დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საქართველოში დარჩა მაღალი ტექნოლოგიების უნიკალური ცენტრი,  აღჭურვილი იმდროისათვის სსრკ-ში საუკეთესო ხელსაწყო-დანადგარებით და დაკომპლექტებული საუკეთესო კადრებით, რომლებსაც სამეცნიერო  კვლევითი სამუშაოების მდიდარი გამოცდილება გერმანელებისგან ჰქონდათ მიღებული და რომლებმაც შემდგომში დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში.  იქვე,  სოხუმში აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის თაოსნობით დაწყებული იქნა სტაბილური იზოტოპების (ბორის, ჟანგბადის, ნახშირბადის, აზოტის და სხვა) განცალკევების მეთოდების დამუშავება. ასევე დამუშავდა იზოტოპით ნიშანდებული ნაერთების სინტეზის მეთოდები და მათი ხარისხის კონტროლის ანალიტიკური მეთოდები.

1961 წელს სტაბილური იზოტოპების მიმართულება ცალკეი ქნა გამოყოფილი და თბილისში დაარსდა სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 

1964 წლიდან გამოშვებული იქნა პირველი პროდუქცია და მას მერე ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს დღემდე.
ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შექმნილმა ატომურმა ელექტროსადგურებმა პირველ რიგში ბორ-10 იზოტოპის წარმოების გაფართოების აუცილებლობა წარმოშვა. ეს იზოტოპი ატომურ ელექტროსადგურებში სიმძლავრის მარეგულირებელ ელემენტად გამოიყენება.
პრაქტიკულად ერთდროულად, 60-იან წლებში, აშშ-ში (ნიაგარა ფოლსი) და საქართველოში, სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში, შეიქმნა მსუბუქი მასების სტაბილური იზოტოპების (ბორ-10, აზოტ-15, ჟანგბად-18, ნახშირბად-13) წარმოების ტექნოლოგიები.
1991 წელს, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი“, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
გარდა სტაბილური იზოტოპების წარმოებისა, ჩვენ ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს მთელი რიგი სერვისებით ვემსახურებით - საგამოცდო-ლაბორატორიული მომსახურებიდან დაწყებული, ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემების შემუშავებისთვის საჭირო  საინჟინრო გადაწყვეტილებების, წარმოების დაპროექტების და ექსპლუატაციის ჩათვლით.
ცენტრის პროდუქციის და სერვისების მომხმარებლები ძირითადად მედიცინის, ბირთვული ტექნოლოგიების, მიკროელექტრონიკის და სოფლის მეურნეობის სეგმენტის წარმომადგენლები არიან.